აშშ უკრაინისთვის ორი სახის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავს – The Washington Post
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა სახელმძღვანელო კიევთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესახებ, რომელიც აწესებს ორ ფართო აკრძალვას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, – იუწყება The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით.
„ვაშინგტონი უკრაინას უგზავნის მილიარდობით დოლარის იარაღს, საჯაროდ საუბრობს ამ გადაზიდვების შესახებ. მაგრამ აშშ ბევრად უფრო ფრთხილია, როდესაც აღწერს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წვლილს უკრაინის წარმატებაში ბრძოლის ველზე - რუსეთის სამხედროების დაზვერვას“, - აღნიშნავს გამოცემა.
აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადეს, რომ ინფორმაცია რუსული ჯარების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ უკრაინაში რეალურ დროში მიეწოდება და რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-ის ადმინისტრაციამ შეიმუშავა სახელმძღვანელო მითითებები დაზვერვის გაზიარებისთვის.
„დოკუმენტის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა არ შეიძლება, მიაწოდოს უკრაინას დეტალური ინფორმაცია, რომელიც მათ „დაეხმარებოდა რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების სიცოცხლის მოსპობაში “. ეს ასევე ეხება რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს და თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს“, – განუცხადეს გაზეთს წყაროებმა.
ამასთან, როგორც გაზეთი წერს, აკრძალვა არ ეხება უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ოფიცრების შესახებ მონაცემებს.
„აკრძალვის მეორე კატეგორია ეხება ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება უკრაინას მის ფარგლებს გარეთ მდებარე რუსეთის ობიექტებზე შეტევაში. აკრძალვა ნაწილობრივ შემოღებულია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ არ გახდეს იმ თავდასხმების მონაწილე, რომელიც უკრაინას შეუძლია, განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე“– აცხადებენ WP-ის წყაროები.
გარდა ამ შეზღუდვებისა, გამოცემის თანახმად, ვაშინგტონი იცავს წესს, რომელიც კრძალავს უკრაინისთვის იმგვარი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც ოფიციალური პირები "მიზანმიმართულ ინფორმაციას" უწოდებენ.
მაგალითად, ოფიციალური პირების თქმით, აშშ არ ეტყვის უკრაინელ სამხედროებს, რომ კონკრეტული რუსი გენერალი შენიშნეს კონკრეტულ ადგილას.მანამდე ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანურ ხომალდზე, კრეისერ „მოსკვაზე“ თავდასხმა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების წყალობით გახდა შესაძლებელი. ამასთან, პუბლიკაციების წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეერთებულმა შტატებმა ზუსტად არ იცოდა, როგორ გამოიყენებდა კიევი ინფორმაციას.