ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მარიუპოლის ალყის სამხედრო გზით მოხსნა არ შეუძლიათ
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლიათ მარიუპოლის ალყის სამხედრო გზით მოხსნა. ამის შესახებ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეარხ BFM TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მარიუპოლზე ალყა მოხსნას.
"საქმე საათებშია - ეს სიმართლეა, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ საათსა თუ დღეს გაძლებენ მებრძოლები. რაც შეეხება ჩვენს ჯარს - ოკუპირებული 120 კილომეტრის გავლის საშუალებას ჩვენ არ გვაძლევს რუსული ტექნიკა, რათა მარიუპოლის ბლოკადა მოვხსნათ. ეს სიმართლეა, ჩვენ დღეს ამის გაკეთება არ შეგვიძლია", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ მარიუპოლის ბლოკადა უფრო მეტად ჰგავს არა ომს, არამედ ტერორისტულ ოპერაციას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რადგან ქალაქში უკრაინის დამცველების გარდა არიან ბავშვები და მოხუცები.
"იქ განადგურებულია ყველაფერი - შენობების 95-98%“,- განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ საუბარი ეხება სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კვარტლებს, ქარხნებსა და სხვა მსგავს შენობებს.
"თუ იქ 3-4 % რამე გადარჩა, ესეც მაქსიმუმია",- განაცხადა ზელენსკიმ.