მცხეთობის დღესასწაული

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *